საზოგადოება
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს წევრი“ - რექს ტილერსონი
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს წევრი“ - რექს ტილერსონი

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს წევრი“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა  ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და თვლის, რომ ყველა ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას, რომელიც აკმაყოფილებს ნატო-ს მოთხოვნებს უნდა ჰქონდეს საშუალება გახდეს ალიანსის წევრი.

„დღეს დილით პროდუქტიული შეხვედრა შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, საქართველო ავღანეთში ჩვენი საერთო მისიის მსხვილი კონტრიბუტორია, უმსხვილესი ერთ სულ მოსახლეზე ყველა კონტრიბუტორ ქვეყანას შორის და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას - გახდეს ნატო-ს წევრი. რაც შეეხება ჩვენს ბოლო სესიას, რომელიც დღის მეორე ნახევარში გაიმართება, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და თვლის, რომ ყველა ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას, რომელიც აკმაყოფილებს ნატო-ს მოთხოვნებს უნდა ჰქონდეს საშუალება, გახდეს ალიანსის წევრი და არცერთ მესამე მხარეს არაფერი ეთქმის ამასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც უკვე ათწლეულების მანძილზე, მტკიცედ გააგრძელებს ნატოს მე-5-ე პარაგრაფის მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ერთიანი თავდაცვისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის, როგორც განსაზღვრულია ნატო-ს ქარტიაში და ჩვენ გავაგრძელებთ ყოველივე ამას იმ რწმენით, რომ ჩვენი მოკავშირეებიც ასევე მოიქცევიან“, - განაცხადა ტილერსონმა.

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ნატო -საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზე  ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.