პოლიტიკა
„უმრავლესობის მხრიდან ასეთი მოსაზრებების ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება, ჩემთვის მიუღებელი ფორმაა” - გიორგი კვირიკაშვილი
„უმრავლესობის მხრიდან ასეთი მოსაზრებების ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება, ჩემთვის მიუღებელი ფორმაა” - გიორგი კვირიკაშვილი

„უმრავლესობის მხრიდან ასეთი მოსაზრებების ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება, ჩემთვის მიუღებელი ფორმაა” - პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმრავლესობის წევრის შოთა შალელაშვილის ღია წერილს გამოეხმაურა.

პრემიერის თქმით, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებასთან დაკავშირებით, საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„უმრავლესობის წევრის მხრიდან საჯარო მომართვა იყო. უნდა ვთქვა, რომ უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის არის მიუღებელი. ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. საკითხი არის ძალიან სენსიტიური და რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან ასეთი მოსაზრებების ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება, ჩემთვის მიუღებელი ფორმაა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს. შალელაშვილი პრემიერს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს აშშ-ს პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს.