პოლიტიკა
საქართველოს მეგობართა ჯგუფის შეხვედრა ეუთოში გაიმართა
საქართველოს მეგობართა  ჯგუფის შეხვედრა ეუთოში გაიმართა

ეუთო-ს 24-ე მინისტერიალის ფარგლებში  ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხანმოკლე შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან გაიმართა. 
 
საქართველოს მეგობართა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესტონეთი, ლიტვა, რუმინეთი და პოლონეთი. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მიმართ საკუთარი მხარდაჭერა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობართა  ჯგუფში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. 
 
აღსანიშნავია, რომ ეუთოს 24-ე მინისტრთა საბჭოს შეხვედრის ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხრიდან წელსაც  იგეგმება საქართველოს მხარდამჭერი განცხადების მიღება. 
 
საქართველოს საგარეო საქმეთა პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ  ეუთო-ს ფარგლებში, სადაც წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის პოზიციის გამო  კონსენსუსის  არარსებობის შედეგად ვერ მიიღებოდა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება, მოიძებნა ფორმატი, სადაც შესაძლებელი გახდა საქართველოს თაობაზე დოკუმენტის მიღება. მისი ინფორმაციით, წლევანდელ განცხადებაში, ისევე როგორც გასულ წელს, საუბარი იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკაზე და ადამიანის უფლებათა მხრივ არსებულ  იმ კონკრეტულ დარღვევებზე რასაც ადგილი აქვს ოკუპირებულ რეგიონებში. მისივე ინფორმაციით, წელს საქართველოს მეგობართა ჯგუფის საკუთარ განცხადებაში ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული და პოლიტიკური რეფორმების განხორციელების, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
 
კიდევ ერთხელ გამოიხატება მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ.