ეკონომიკა
თბილისის მერიაში შექმნილი ჯგუფი კვირაში ორჯერ მოქალაქეებთან შეხვედრას გამართავს
თბილისის მერიაში შექმნილი ჯგუფი კვირაში ორჯერ მოქალაქეებთან შეხვედრას გამართავს

 თბილისის მერიაში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოქალაქეებთან კვირაში ორჯერ შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერთან შეხვედრის მოთხოვნით  ყოველდღიურად მერიაში უამრავი განცხადება შედის. მერიასა და მოქალაქეებს შორის კოორდინაციის გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური ჯგუფი თბილისელების პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოისმენს და სამსახურების კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოხდება.  

„ყოველდღიურად დედაქალაქის მერთან შეხვედრის მოთხოვნით შემოდის უამრავი განცხადება, ასევე, ცხელ ხაზზე რეკავენ მოქალაქეები, ბევრი პირადადაც მიკავშირდება ფეისბუქზე, მერიის ფეისბუქზე უამრავი მოთხოვნაა. ბუნებრივია, ფიზიკურად არ მეყოფა დრო იმისთვის, რომ თითოეულ მათგანს შევხვდე. იმის გამო, რომ არ მინდა, რომელიმე მათგანი დამრჩეს უკმაყოფილო ან განაწყენებული და სწორი ფორმა მიეცეს ამ ყველაფერს, ასევე, იმისთვის, რომ მერიისა და მოქალაქეების კოორდინაცია კიდევ უფრო გამართული იყოს, მივიღე გადაწყვეტილება, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი. ეს ჯგუფი კვირაში ორჯერ შეხვდება მოქალაქეებს და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოისმენს, რაზეც, ჩვენი სამსახურების კომპეტენციის და კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოხდება,“- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.  

კახა კალაძის თქმით, მოქალაქეებთან შეხვედრები მომავალი კვირიდან დაიწყება და ხუთშაბათს, დილის 10:00-დან 15:00 საათამდე, ხოლო პარასკევს 13:00-18:00-მდე გაიმართება.