საზოგადოება
„არსებობს ვერსია, რომ პოროშენკო და სააკაშვილი ერთ თამაშს თამაშობენ და პოროშენკო სააკაშვილის სახით მართულ ოპოზიციას აყალიბებს“ - ზვიად ავალიანი
„არსებობს ვერსია, რომ პოროშენკო და სააკაშვილი ერთ თამაშს თამაშობენ და პოროშენკო სააკაშვილის სახით მართულ ოპოზიციას აყალიბებს“ - ზვიად ავალიანი

„არსებობს ვერსია, რომ პოროშენკო და სააკაშვილი ერთ თამაშს თამაშობენ და პოროშენკო სააკაშვილის სახით მართულ ოპოზიციას აყალიბებს“ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა ზვიად ავალიანმა განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი საკითხი, რაც დღეს ნათლად ჩანს, ისაა, რომ უკრაინული სახელმწიფო, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

“არადამაჯერებელია, როცა ნაციონალური მოძრაობისთვის უკრაინის ხელისუფლება ძალიან პროგრესული იყო მანამ, სანამ სააკაშვილი პოროშენკოს დაუპირისპირდებოდა და დაპირისპირების შემდეგ იქცა ოლიგარქიად.

შესაძლოა, უკრაინის ხელისუფლების შიგნით არსებობს დაპირისპირება და სააკაშვილის ხელით გარკვეული ძალები ცდილობენ პოროშენკოს საბოლოო დისკრედიტაციას; არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ პოროშენკო და სააკაშვილი ერთ თამაშს თამაშობენ და პოროშენკო სააკაშვილის სახით მართულ ოპოზიციას აყალიბებს. მომავალი გვაჩვენებს რა სცენართან გვაქვს საქმე. ერთადერთი რაც დღეს ნათელია, არის ის, რომ უკრაინული სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ არსებობს

იქნება თუ არა ახალი მაიდანი და შეძლებს თუ არა სააკაშვილი მაიდანის პროვოცირებას? უკრაინა სამწუხაროდ ისეთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა სადაც არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება აისახოს საქართველოზეც იმ გაგებით, რომ თუ უკრაინაში შეიცვლება ხელისუფლება და სააკაშვილი აღმოჩნდება გამარჯვებულთა ბანაკში, ეს საქართველოში გაააქტიურებს მის მხარდამჭერებს.

ნაციონალური მოძრაობა არც მალავს, რომ მისი მიზანია ხელისუფლების შეცვლა ნებისმიერი გზით. ამავე დროს საქართველოში არიან ადამიანები, რომელთათვისაც კატეგორიულად მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება. თუ ნაციონალური მოძრაობა შეძლებს პროცესების ქუჩაში გადატანას, ამ შემთხვევაში ეს ორი ჯგუფი შეიძლება ერთმანეთს ქუჩაში დაუპირისპირდეს.”-აცხადებს ზვიად ავალიანი.