კულტურა
საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა
საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა

კორეაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სეულის  სასტუმრო Millennium Seoul Hilton-ში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება მოეწყო.
 
მოწეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა, რომელმაც ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
სიტყვით ასევე წარსდგა  საპატიო სტუმრის რანგში მოწვეული კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრი, მმართველი პარტიის წარმომადგენელი, საქართველო-კორეის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, იუ სინგ-ჰი.

საელჩოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გვანჯუს უნივერსიტეტის სტუდენტთა ვოკალურმა ჯგუფმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა.
 
მიღებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ 10-მდე სახეობის ქართული ღვინო, ჭაჭა და „ბორჯომის“ და „ნაბეღლავის“ მინერალური წყლები.
 
ღონისძიებაზე კორეის საკანონმდებლო ორგანოსა და სახელმწიფო უწყებების, წამყვანი კონგლომერატების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი წარმომადგენლები და სეულში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ მიწვეული.