პოლიტიკა
ქეთევან ციხელაშვილი: „მიუღებელია პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის ეთნიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები“
ქეთევან ციხელაშვილი: „მიუღებელია პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის ეთნიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები“

„მიუღებელია პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის ეთნიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები“ - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა  პანკისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საკითხის ეთნიკურ ჭრილში გადატანა პოლიტიკური ქულების მიღების მცდელობას უკავშირდება. 

„მინდა გამოვეხმაურო სხვადასხვა ჯგუფის თუ პირის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ვრცელდება და საკითხის ეთნიკურ ჭრილში გადატანის ან პოლიტიკური ქულების მიღების მცდელობას უკავშირდება. 
მსგავსი ტიპის ოპერაციებს არ აქვს და ვერ ექნება ეთნიკური მოტივაცია. ამიტომ მინდა მოვუწოდო მათ, რომ აღნიშნულ თემაზე საუბრისას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა.

ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები, რომლის თავიდან აცილებაც სახელმწიფოს მოვალეობაა და რაც ხორციელდება კიდეც, თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთოხებას ეხება. 
პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტი მოსახლეობა ამ ქვეყნის ღირსეული და პატრიოტი მოქალაქეები არიან. 
დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში მათ არ სურთ არანაირი პროვოკაცია და დაპირისპირება.

პანკისის ხეობის მიმართ ნამდვილად გვაქვს პოლიტიკა, და ეს არის ხეობის მეტად განვითარების, მისი სოციალურ ეკონომიკური, კულტურული თუ ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობის, იქ მცხოვრები მოსახლეობის მეტად ინტეგრირებისა და ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვნად ჩართვის პოლიტიკა, რაც სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ეს პოლიტიკა აუცილებლად გაგრძელდება და განხორციელდება.

ძალიან სამწუხაროა, რომ ექიმების მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა. შვილის დაკარგვა მშობლებისა და ახლობლებისათვის უმძიმესი ტკივილია და მიუღებელია ამით პოლიტიკური სპეკულირება.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და აუცილებელია დაველოდოთ მიმდინარე გამოძიების შედეგებს” - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.