პოლიტიკა
„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე კანონპროექტი ინიცირებულიც კი არ უნდა ყოფილიყო” - გიგა ბუკია
„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე კანონპროექტი ინიცირებულიც კი არ უნდა ყოფილიყო” - გიგა ბუკია

„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე კანონპროექტი ინიცირებულიც კი არ უნდა ყოფილიყო” - ამის შესახებ ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკიამ „პირველ არხთან“ განაცხადა.

როგორც ბუკიამ აღნიშნა, აღნიშნული ინიციატივა ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს და ნარკოტიკების მოხმარება მკვეთრად გაიზრდება.

„იმ ინიციატივასთან დაკავშირებით ბევრი შენიშვნა გვქონდა, რომელიც უმრავლესობის გარკვეულმა წევრებმა წარმოადგინეს. აღნიშნული ინიციატივა ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს, რომ ნარკოტიკების მოხმარება მკვეთრად გაიზრდება. ეს კანონპროექტი ინიცირებულიც კი არ უნდა ყოფილიყო, არათუ, მასზე მსჯელობა შეჩერდეს. იმ პოზიციას ვეთანხმებით, რომ პარლამენტში კანონპროექტი ამ ფორმით განხილული არ უნდა იყოს. ამ ფორმით კანონპროექტის ინიცირების წინააღმდეგი ვიყავით, ვინაიდან სურვილი გვქონდა, რომ შიდა აზრთა სხვადასხვაობა გარეთ არ გამოსულიყო, თუმცა აკაკი ზოიძემ ეს კანონპროექტი ამ ფორმით შემოგვთავაზა და ნახეთ, რომ წინააღმდეგები არა მხოლოდ „კონსერვატორები“ ვართ, არამედ კვორუმი თავად იმ კომიტეტშიც კი არ შედგა, რომლის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძეა. სხდომას უმრავლესობა არ დაესწრო და აკაკი ზოიძე იძულებული გახდა, კომიტეტი „ნაციონალების“, „ევრონაცებისა“ და ოპოზიციის ხმებით შეეკრიბა და ინციატივა ასე განეხილა“, –  განაცხადა „კონსერვატორების“ თავმჯდომარემ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არსებულ ცვლილებებზე მსჯელობა პარლამენტში მაინც გაგრძელდება, დიდი ალბათობით კანონპროექტი კანონად ვერ იქცევა.

„ინტერესი დიდია, რომ ამ პრობლემის გადაჭრის პროცესში ბევრი ადამიანი ჩაერთოს და პრობლემის გადაჭრის გზები მოიძებნოს. მისასალმებელია, თუ კანონპროექტი გაწვეული იქნება და გადაწყვეტილება უფრო ფართო კონსენსუსის შედეგად იქნება მიღებული და არა ისე, როგორც დღეს არის ინიცირებული. ამ კანონპროექტს „კონსერვატორების“ მხარდაჭერა არც ერთ შემთვევაში არ ექნება. თუ ეს კანონპროექტი ამ ფორმით განიხილება, დიდი ალბათობით, კანონად ვერ იქცევა“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.

საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა, თუმცა მასზე მსჯელობა შემოდგომაზე დაიწყო და ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით გასული წლის 27 დეკემბერს მიიღო.