კულტურა
საქართველოს რამდენიმე რეგიონში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება
საქართველოს რამდენიმე რეგიონში დროშის აღმართვის ცერემონია  გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს რამდენიმე რეგიონში დროშის აღმართვის ცერემონია  გაიმართება.

დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყება, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული გმირების გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად, სახელმწიფო დროშის ეტალონს აღმართავს, რომელიც რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა. 

დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება კახეთში, უჯარმის ციხეზე. პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება ასევე სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია მცხეთაში, სადაც ძალოსანი ლაშა ტალახაძე სპორტსმენებთან ერთად დროშას  ბებრის ციხეზე აღმართავს. 

გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, იუნკერები სახელმწიფო დროშას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით  12:30 საათზე აღმართავენ. ცერემონიის მონაწილეებსა და იუნკერებს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს.

ქუთაისში, დროშას ექიმები აღმართავენ, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში.

სენაკში კი, დროშას პედაგოგები აღმართავენ, აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელს ატარებს. 

სახელმწიფო დროში დღეს 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე მიიღეს, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.

სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.