კულტურა
დღეს ქართული თეატრის დღეა
დღეს ქართული თეატრის დღეა

დღეს ქართული თეატრის დღეა. „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში ქართული თეატრის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

მოეწყობა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნი-ალბომის - „ვერიკო ანჯაფარიძე“ პრეზენტაცია. ალბომი, რომლის ავტორიც, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი ჯანბერიძეა, მსახიობის საიუბილეო თარიღს ეძღვნება და ვერიკო ანჯაფარიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას სრულად ასახავს.

თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება მხატვრულ-ლიტერატურული ინსცენირება - მონო-სპექტაკლი ილია ჭავჭავაძის მიერ საქართველოს დრამატული საზოგადოების დაფუძნების შესახებ.

“საქართველოს თეატრალური საზოგადოების” მიერ ამავე დღეს “თეატრის მეგობართა კლუბი” დაფუძნდება, რომლის მიზანიც თეატრის განვითარების ხელშეწყობაა.

სპეციალურად თეატრის დღეს დაფუძნდება და გაიცემა ასევე, ორი ჯილდო - დავით სარაჯიშვილის სახელობის ჯილდო - „ქართული თეატრის მეცენატი“ თეატრის თანადგომისა და მხარდაჭერისთვის და ასევე, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ჯილდო.

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე შემდეგი პრემიებიც გაიცემა - პეტრე ოცხელის სახელობის პრემია, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია, სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია და აკაკი ხორავას სახელობის პრემია.

ქართული პროფესიული თეატრი დააარსა და მისი იდეური, შემოქმედებითი მრწამსი განსაზღვრა პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა. პირველი წარმოდგენა გაიმართა 1850 წლის 2 (14) იანვარს, თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში, სცენისმოყვარეთა ძალებით, ერისთავის რეჟისორობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს მისივე პიესა "გაყრა". ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.

წყარო: imedinews.ge