სხვადასხვა
აღსრულების ეროვნული ბიურო 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს
აღსრულების ეროვნული ბიურო 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს

აღსრულების ეროვნული ბიურო 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ბიურომ მთავარ სტრატეგიად მხარეთა ინტერესების დაცვა და დავების მორიგებით დასრულება აირჩია. ბიუროს ფარგლებში შექმნილი მხარეთა ინტერესების დაცვის სამსხურისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით, 2017 წლის განმავლობაში, სააღსრულებო ბიუროებისა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ მორიგებით დასრულდა 13 ათასზე მეტი საქმე. 

მორიგებით დასრულებული საქმეების მაჩვენებელი კატეგორიების მიხედვით შემდეგია: 
სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ და სისხლის ჯარიმების შემთხვევაში, მორიგების/განწილვადების მაჩვენებელმა შეადგინა 9 648 ერთეული, რაც საქმეთა საერთო ოდენობის 74 პროცენტს შეადგენს;

ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის კატეგორიაში სულ დასრულებული 323 საქმიდან მორიგებით დასრულდა 303 შემთხვევა, რაც 94 პროცენტს შეადგენს;
2017 წლის მანძილზე შეწყდა 633 აუქციონი და შესაბამისად, არ მოხდა ქონების რეალიზაცია;
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დარეგულირებული ალიმენტის რაოდენობამ შეადგინა 4 055 ერთეული. 

მოთხოვნა იზრდება აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებულ საქმისწარმოებაზეც. 2017 წლის განმავლობაში სერვისზე მოთხოვნამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია წინა წლებთან შედარებით. ასევე მაღალია დასრულებულ საქმეებს შორის მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის მაჩვენებელიც. 

საანგარიშო პერიოდის ფარგლებში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის მიერ დასრულდა 20 890 საქმე, მათ შორის მორიგება განხორციელდა 3 ათასამდე შემთხვევაში.
გამარტივებული საქმისწარმოება მოქალაქეს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე, სწრაფად და ნაკლები დანახარჯით, დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია, მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია. 

გასულ წლებთან შედარებით, კიდევ უფრო დაიხვეწა და ხელმისაწვდომი გახდა მოქალაქეთა კონსულტაცია. 2017 წლის განმავლობაში მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 231 ათასზე მეტ მოქალაქეს გაუწია კონსულტაცია. მათ შორის:

შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 186  618 მოქალაქის სატელეფონო ზარს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით;

პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 43 079 მოქალაქეს;

პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტით მიღებულ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან 1 316 შეკითხვას.

2017 წლის განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოებისა და პოლიციის სამმართველოს მიერ ჯამში დასრულდა 95 ათასი სააღსრულებო წარმოება.