კულტურა
„ჩვენს ქვეყანაში არჩევნებზე არ დადის ამდენი ხალხი, რამდენიც იყო შემოსული და ნახა ეს პროექტი“ - ნინო სუხიშვილი „ცეკვა ქართული“-ს შესახებ
„ჩვენს ქვეყანაში არჩევნებზე არ დადის ამდენი ხალხი, რამდენიც იყო შემოსული და ნახა ეს პროექტი“ - ნინო სუხიშვილი „ცეკვა ქართული“-ს შესახებ

„ჩვენს ქვეყანაში არჩევნებზე არ დადის ამდენი ხალხი, რამდენიც იყო შემოსული და ნახა ეს პროექტი“ - ნინო სუხიშვილი საზოგადოებაში მათ მიერ შემოთავაზებული ექსპერიმენტული პროექტით - „ცეკვა ქართულით“ გამოწვეულ აჟიოტაჟს აფასებს.

„ძალიან მიხარია, რომ ასეთი რეაქცია არის ჩვენს პროექტზე. როგორი ინტერესის სფეროს წარმოვადგენთ, რომ მილიონამდე ნახვა ჰქონდა ამ ჩვენს პროექტს ერთ კვირაში. ეს ძალიან დიდი რამეა.  ჩვენს ქვეყანაში არჩევნებზე არ დადის ამდენი ხალხი, რამდენიც იყო შემოსული და ნახა ეს პროექტი.

ის, რომ აზრთა სხვადასხვაობაა, ნორმალურია. ყველას არ შეიძლება მოეწონოს. ეს არის გემოვნების ამბავი. მინდა განვმარტო, რომ ეს არის კლუბური ვერსია, სხვა ფორმატია. როცა ცეკვავ კლუბში, სხვანაირად ცეკვავ, როცა ცეკვავ დიდ სცენაზე, სხვა პროგრამაა, როცა ცეკვავ ქუჩაში, მინდორში და ა.შ.  რაღაცნაირად უნდა გაითვალისწინო ის ტერიტორია, სადაც გაქვს კონცერტი.

რაც შეეხება პროგრამას. ილიკოს ყოველთვის უნდოდა, ელექტრონულ მუსიკაზე დაედგა რამე კომპოზიცია, რადგანაც ელექტრონული მუსიკა დღეს არის ძალიან დიდი  ინდუსტრია და არის წამყვანი, ძალიან პოპულარული მთელ მსოფლიოში. რაც ყველაზე სასიხარულოა, ქართველები არიან წამყვანნი ამ სფეროში. ეს ფორმატი იყო ძალიან საინტერესო ჩვენთვის. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმდინარეობები, სხვადასხვა რეპერტუარი, სხვადასხვა კომპოზიციები და რატომ არ უნდა გვეცადა ელექტრონულ მუსიკაზე კომპოზიციის შექმნა?... დაწყებული როკენროლით, ხალხური ცეკვით დამთავრებული, ყველანაირ კომპოზიციაზე ვმუშაობთ, ექსპერიმენტებს ვაკეთებთ. მგონი, ექსპერიმენტი არ არის აკრძალული ხელოვნებაში. ეს საინტერესოც არის ძალიან.

რაც შეეხება ქართულს, ვფიქრობ, რომ ქართველი თუ რამეს აკეთებს ხელოვნებაში, ის ყოველთვის ქართულია, ის ელექტრონული მუსიკაც, ქართველის მიერ გაკეთებული, ჩემთვის არის ქართული. ყველა კომპოზიციაში არის ქართული ილეთები. თვითონ პროექტს ჰქვია „ცეკვა ქართული“ - ეს ხაზგასმულად ვუწოდეთ, რადგანაც გვინდოდა გვეჩვენებინა, როგორ შეიძლება დღეს, 21-ე საუკუნეში, იცეკვონ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა, ეს იქნება კლუბში, ქუჩაში თუ სცენაზე. ამაზე მუშაობა დიდი ხანია მიდის, ეს პროექტები ჩვენ ადრეც გაგვიტარებია, ასეთი პროექტი იყო ასსა, რომელმაც ასევე კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა. ამას 15 -17 წელია უკვე ვატრიალებთ.  სვანური, ლაზური, ზეკარი, ცეკვა ცდო, ფაქტობრივად,  „ცეკვა ქართულის“ პროექტი იყო და მთლიანობაში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მთლიანობაში ვუწოდეთ „ცეკვა ქართული“ - განაცხადა ნინო სუხიშვილმა „განსხვავებულ აქცენტებში“ სტუმრობისას.