საზოგადოება
ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე პრემიერი სიტყვით გამოვიდა
ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე პრემიერი სიტყვით გამოვიდა

ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით კონფერენციაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა , საზოგადოებასა და ეკლესიას შორის ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ტრადიციაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ კულტურა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია.

“საერთოდ, რელიგიის საკითხებზე მსჯელობისა და კვლევისთვის მეტად მნიშვნელოვანია ასეთი დიალოგის პლატფორმა, მით უფრო, რომ ქართული საღვთისმეტყველო სიტყვა და აზრი ყოველთვის საინტერესო იყო და არის ქრისტიანული სამყაროსთვის. ამიტომაც ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია, რომ სამეცნიერო კონფერენცია და დისკუსიები ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება, იმართება საქართველოში, სადაც სასულიერო და საერო სფეროებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი, მდიდარი გამოცდილება არსებობს,”– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ბევრჯერ მდგარა განსაკუთრებული განსაცდელის წინაშე და ასეთ დროს სწორედ ეკლესია, მღვდელმთავრები, პატრიარქები ყოველთვის ასრულებდნენ გამორჩეულ როლს.

“ამ მხრივ განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ჩვენს სულიერ მამას, რომელიც 40 წელია, საქართველოს ეკლესიას უდგას სათავეში და რომლის დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე ფასდაუდებელია. მისი სიბრძნე და სიყვარულის უნარი უდიდესი პატივისცემით განაწყობს სხვადასხვა აღმსარებლობისა და ეროვნების ადამიანებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. სწორედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, პირადად მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დამსახურება გახლავთ ჩვენი ტოლერანტობის ისტორიული ტრადიციის შენარჩუნება და განმტკიცება, რაც სხვადასხვა რელიგიის მიმართ პატივისცემას და საზოგადოებაში სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლთა მშვიდობიანად თანაცხოვრებას განაპირობებს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.