საზოგადოება
13 თებერვალს აღსრულების პოლიცია მძიმე ავადმყოფის გამოსახლებას გეგმავს
13 თებერვალს აღსრულების პოლიცია მძიმე ავადმყოფის გამოსახლებას გეგმავს

გიორგი ურდულაშვილმა 2014 წელს კერძო მევახშისგან 5000 აშშ დოლარი ისესხა და პროცენტის სახით, 3000 აშშ დოლარი გადაიხადა. ჯანმრთელობის უეცარი გაუარესების გამო (ურდულაშვილს დაუდგინდა გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება) ოჯახმა ვეღარ შეძლო დარჩენილი თანხის გადახდა, რის გამოც მევახშემ მათი ერთადერთი საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადაიფორმა. ახლა კი ქონების დაბრუნების სანაცვლოდ, ოჯახისგან 20 000 აშშ დოლარის გადახდას ითხოვს.

13 თებერვალს, 12:00 საათზე, საგარეჯოში (ლეონიძის 12) დაგეგმილია ურდულაშვილების ოჯახის გამოსახლება. ოჯახში, მძიმედ ავადმყოფი გიორგი ურდულაშვილის გარდა, ცხოვრობს მარტოხელა დედა და მცირეწლოვანი ბავშვი.

უკონტროლო სამევახშეო საქმიანობა წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის უმწვავეს პრობელემას, რომელიც აწუხებს ათობით ათას მოქალაქეს. მიგვაჩნია, რომ გამოსახლების ყოველი კონკრეტული შემთხვევა არ უნდა იქნას განხილული ერთი ოჯახის პრობლემის ჭრილში, არამედ ეს წარმოადგენს საფრთხეს მთელი საზოგადოებისთვის. ამდენად, მნიშვნელოვანია პრობლემის გადაწყვეტა მოხდეს სამოქალაქო სოლიდარობის და პერმანენტული პროტესტის გზით.

„თავისუფალი საქართველო“ აღსრულების ადგილას ურდულაშვილების ოჯახის გამოსახლების შესაჩერებლად საპროტესტო აქციას გამართავს. მოვუწოდებთ საზოგადოებას, ნუ დარჩება გულგრილი უსამართლობის მიმართ და შეუერთდეს უკონტროლო სამევახშეო საქმიანობის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას.