საზოგადოება
ორი უცხო ენის სწავლება მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება
ორი უცხო ენის სწავლება მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება

“ორი უცხო ენის სწავლება მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება”- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლება არჩევითი გახდება.

“ბოლო დღეებში, მედიით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომლის თანახმად, საჯარო სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლება არა სავალდებულო, არამედ არჩევითი გახდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, სამინისტროს მიზანია, სკოლებში უცხო ენების სწავლების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დამკვიდრდეს.

შესაბამისად, სამინისტრო განმარტავს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში, უცხო ენებს მომავალში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ორი უცხოური ენის სწავლება მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება - ინგლისური ენა პირველი კლასიდან, ხოლო მეორე სავალდებულო უცხო ენას, მოსწავლე მე-5 კლასიდან სკოლის მიერ შეთავაზებული ენებიდან თავად აირჩევს.

უფრო მეტიც, სკოლებს ექნებათ ვალდებულება, მეორე სავალდებულო უცხო ენის ფარგლებში, მოსწავლეებს ასარჩევად მინიმუმ ორი ენა შესთავაზონ, თავად მისცენ არჩევანის თავისუფლება და ენების მაღალ დონეზე სწავლება უზრუნველყონ.“- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.