საზოგადოება
“თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურებიდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდება” -კახა კალაძე
“თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურებიდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდება” -კახა კალაძე

 დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურებიდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ამ პირების მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევა - კერძოდ კი, ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქმისწარმოებაში მიკერძოებული გადაწყვეტილებებია.

„მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა რამდენიმე სამსახურის მიმართულებით დაიწყო მოკვლევა და კონკრეტული დარღვევები გამოიკვეთა. ეს ეხება კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურების ორი თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს. მსგავსი ფაქტები, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯზე და მერიის თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აუდიტის სამსახურის უფროსსა და თბილისის ვიცე-მერს აღნიშნულ საკითხზე დაწყებული მოკვლევის დასრულება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება დაავალა.