პოლიტიკა
„არცერთ მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ მიეცემა მსვლელობა, ვიდრე წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზა არ განხორციელდება“ - კახა კალაძე
„არცერთ მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ მიეცემა მსვლელობა, ვიდრე წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზა არ განხორციელდება“ - კახა კალაძე

„არცერთ მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ მიეცემა მსვლელობა, ვიდრე წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზა არ განხორციელდება“ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მერიის შესაბამის სამსახურებსა და გამგეობების წარმომადგენლებს მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლზე ყურადღების მაქსიმალურად გამახვილება სთხოვა.  მისივე თქმით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის შესწავლამ და ბოლო დროს განხორციელებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ არსებული სისტემა და მექანიზმი შესრულებული სამუშაოების ხარისხს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.

„ორი კვირის წინ დავავალე ჩემს მოადგილეებს, რომ წარმოადგინონ გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს. სატენდერო დოკუმენტაციაში იქნება იმის აუცილებლობა, რომ როდესაც ხელშეკრულება გაფორმდება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი განხორციელდეს. არცერთ საპროექტო დოკუმენტაციას არ მიეცემა მსვლელობა იქამდე, ვიდრე ამ დოკუმენტაციის ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზა არ განხორციელდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, როდესაც სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების წარმოების პროცესი დაიწყება და შესრულების ეტაპზე იქნება, საპროექტო დავალებების შესრულებაზე მუდმივი ზედამხედველობა განხორციელდება. მათ შორის, ფარულ სამუშაოებზე, იმისთვის, რომ საპროექტო გადაწყვეტილებების მაღალ დონეზე შესრულება მოხდეს.

„ინფრასტრუქტურული პროექტებით ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ თითოეული პროექტის ხარისხი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა. მგონია, რომ ეს მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია და გამგეობებსაც მინდა ვთხოვო, რომ ხარისხზე და ზედამხედველობაზე მაქსიმალური ყურადღება გავამახვილოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.