პოლიტიკა
თბილისის მერია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე, კერძო კომპანიებისთვის ინტერესთა გამოხატვას აცხადებს
თბილისის მერია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე, კერძო კომპანიებისთვის ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

„ქალაქში არის 10 ლოკაცია, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა” - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე, კერძო კომპანიებისთვის ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

„ქალაქში არის 10 ლოკაცია, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ბიზნეს-მოდელი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტები. ინტერესთა გამოხატვა 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ და შეისწავლონ ყველანაირი დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ მიერ იქნება წარმოდგენილი ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით“, - განმარტა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განხორციელებამდე ტექნიკური და ეკონომიკური კვლევები ჩატარდება. საპარკინგე ინფრასტრუქტურა კი, 180 ავტომანქანაზე იქნება გათვლილი.

„ინტერესთა გამოხატვის აუცილებელი პირობაა, რომ საპარკინგე ადგილების 5% გათვალისწინებული იყოს ელექტრომობილებისთვის და ამ ადგილებზე სპეციალური დამტენები დამონტაჟდეს. მთლიანობაში, აღნიშნული საპარკინგე ინფრასტრუქტურა გათვლილი უნდა იყოს მინიმუმ 180 ავტომანქანისთვის. პროექტის შესწავლა, ასევე, სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება კერძო ინვესტიციით, რომლის ღირებულებაც 3 მილიონ ლარზე მეტი იქნება და ამისთვის, მუნიციპალიტეტიდან საბიუჯეტო სახსრები არ გამოიყოფა. ეს არის პირველი პროექტი, რომელზეც ინტერესთა გამოხატვას ვაცხადებთ. რა თქმა უნდა, მომდევნო დღეების, კვირებისა და თვეების განმავლობაში, ჩვენ სხვა პროექტებს წარმოვადგენთ, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.