პოლიტიკა
სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობის სპიკერს, პეტერ ლაუნსკი-ტიფენტალს შეხვდნენ
სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობის სპიკერს, პეტერ ლაუნსკი-ტიფენტალს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ავსტრია-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფო კილაძე და ამავე კომიტეტის წევრი, ანრი ოხანაშვილი, ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობის სპიკერს, პეტერ ლაუნსკი-ტიფენტალს შეხვდნენ.

ქართულმა და ავსტრიულმა მხარეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა. ავსტრიის მთავრობის სპიკერმა ხაზი გაუსვა ავსტრიის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობის შესახებ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები ავსტრიულ მხარეს ესაუბრნენ საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ადამიანის უფლებების მიმართულებით. განსაკუთრებულად აღინიშნა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ დადებითად არის შეფასებული და რომელიც, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მყარ გარანტიებს ითვალისწინებს. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს პარლამენტის საქმიანობა და კომიტეტის ინიციატივები. საქართველოს პარლამენტის წევრებმა ავსტრიის მთავრობის სპიკერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული მძიმე ვითარება გააცნეს. აქცენტი გაკეთდა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც იგეგმება საქართველოს ხელისუფლების მიერ უახლოეს მომავალში და არის მიმართული აღნიშნულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ვიზიტი ხორციელდება ავსტრიის რესპუბლიკაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მაკა ბოჭორიშვილისა და საელჩოს დესპანის, გიორგი ტაბატაძის მხარდაჭერით.