პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: რუსეთმა მოგვიწონა ჩვენი მცდელობა, რომ გამოვსწორდეთ
დავით უსუფაშვილი: რუსეთმა მოგვიწონა ჩვენი მცდელობა, რომ გამოვსწორდეთ

„რუსეთის ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა ის შეცდომები, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაუშვა" - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა რუსეთის საგარეო უწყების მიერ პრემიერ კვირიკაშვილის საპასუხოდ გავრცელებულ წერილზე საუბრისას განაცხადა. 

უსუფაშვილის თქმით, კრემლმა პრემიერის განცხადება, რომ საქართველო მზად არის აფხაზ და ოს ხალხთან დიალოგისთვის, გაიგო, როგორც სეპარატისტულ რეჟიმებთან დიალოგის მზაობა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ სერგეი ლავროვის უწყების განცხადება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია.

„ფორმას რაც შეეხება, არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი ქვეყნისთვის. შინაარსში ჩვენ ვხედავთ რუსეთის ძალიან ოსტატურ მცდელობას, გამოიყენოს ის შეცდომები, რომელიც პრემიერის მიმართვაში იყო ასახული. მან აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი უცებ გადაიტანა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოსთან პირდაპირ დიალოგში - ასე გაიგო.


მოგვიწონა საერთოდ, რომ, ბოლოს და ბოლოს, გონს მოვედით და რუსეთს უნდა ველაპარაკოთ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთისგან" დარჩენილი საქართველო და ამ საქართველოსთან რუსეთი მზად არის ბევრი რამისთვის.

მოგვიწონა, რომ, თურმე, მზად ვართ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც სახელმწიფოებთან, ორმხრივ დიალოგში ჩავერთოთ. მიგვანიშნა, რომ ტატუნაშვილის ცხედრის თემაც რუსეთის მხრიდან მხოლოდ მწუხარებას იმსახურებს, მაგრამ ის მოსაგვარებელია ორ სახელმწიფოს, ანუ თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობით და რუსეთმა, აბა, რა ქნას?

და გვითხრა რომ ელის ჩვენი მხრიდან კონსტრუქციულობას ჟენევის პროცესში. საბოლოო ჯამში, მან მოგვიწონა ჩვენი მცდელობა, რომ გამოვსწორდეთ“-  განაცხადა დავით უსუფაშვილმა.