პოლიტიკა
„იქ უმწეო ადამიანები არიან და მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ღიად საუბარი და ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა“ - გიორგი კვირიკაშვილი სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურება
„იქ უმწეო ადამიანები არიან და მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ღიად საუბარი და ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა“ - გიორგი კვირიკაშვილი სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს  იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები მკურნალობენ, განსაკუთრებული კონტროლის დაწესების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა.  

მთავრობის მეთაური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და სახალხო დამცველს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„სახალხო დამცველის მიერ გამოტანილი ინფორმაცია ჩემთვისაც საგანგაშო იყო. მინდა, ბატონ დავით სერგეენკოს ვთხოვო, მაქსიმალურად დავინტერესდეთ ამ მიმართულებით დაწესებულებებში არსებული მდგომარეობით. ის მიმართულება, რომელიც არის ჩვენთვის საამაყო და რეფორმები, რომლებიც განვახორციელეთ - საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, ნამდვილად გასაფრთხილებელია. განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები იკურნებიან, აუცილებელია გაძლიერებული ყურადღება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური მიესალმა ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირებას და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს სპეციალური წარმომადგენლის გაგზავნას, რომელიც დაწესებულებას დროებით მართავს.

„მინდა, ასევე გთხოვოთ, რომ ყველა ამ ტიპის დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი დავაწესოთ იმ კუთხით, რომ იქ არიან უმწეო ადამიანები. მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ასე ღიად საუბარი და ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობას ვგეგმავთ. ერთი იქნება სამეგრელოს, ხოლო ერთი - კახეთის რეგიონში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის მდგომარეობას ამ მიმართულებით. ნამდვილად, სახალხო დამცველს მადლობა ეკუთვნის იმისათვის, რომ იგი ასეთი ყურადღებით მიუდგა ამ საკითხს, რადგან ჩვენთვის ეს მართლაც საგანგაშო ზარი აღმოჩნდა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.