საზოგადოება
„ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე უამრავი ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე“ - გიორგი კვირიკაშვილი
„ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე უამრავი ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე“ - გიორგი კვირიკაშვილი

„ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე უამრავი ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე“ - საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მისი რუსეთისადმი მიმართვით გამოწვეულ რეაქციებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეხმაურება.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო იმ უმძიმეს ფაქტს, რომელიც ცხინვალში მოხდა. მოგეხსენებათ, ამ ძალიან მძიმე ფაქტს ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა და ორი ადამიანი დააპატიმრეს უკანონოდ. ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა ჩარეულიყვნენ ამ პროცესში. ასევე, მე სპეციალური განცხადებით მივმართე რუსეთის ფედერაციას. დღესდღეობით ასეთი სიტუაცია გვაქვს - ჩვენი ორი მოქალაქე გათავისუფლებულია და ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ, რაც უდავოდ კარგია. სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ვერ მოხდა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება.

ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე უამრავი ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე. მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, როდესაც საუბარია ძალიან მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებაზე და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ დროს, რათა დაძაბულობა შევანელოთ, თუნდაც ეს გადიოდეს ჩვენი საკუთარი იმიჯის ხარჯზე და ხაზზე. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან არაჯანსაღი გარემო, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, როდესაც ჩვენ პატრიოტიზმის და ქვეყნის სიყვარულის საზომად ჩვენი განცხადებების სიმწვავე ვაქციეთ, არის ძალიან დამაზიანებელი. ამ გარემოს შეუძლია, უბიძგოს პოლიტიკოსებს, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მაქსიმალური გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენ ქვეყნის ინტერესების განუხრელი, თანმიმდევრული დაცვა, იმ მანდატის აღსრულება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგვანიჭა და ქვეყანაში სტაბილური ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა. ეს იყო, არის და იქნება ჩვენი უმთავრესი მიზანი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს.“- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.