სხვადასხვა
ახმეტაში კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამების პრეზენტაცია ჩატარდა
ახმეტაში კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამების პრეზენტაცია ჩატარდა

კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერთან იოსებ ქარუმაშვილთან  ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამები გააცნო. 

გიორგი მიშელაძემ ისაუბრა მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის, რძის მწარმოებელი  და მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა მოიცავს მსხვილფეხა და   წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის (თხა, ცხვარი)  დარგის კოოპერატივების ხელშეწყობას.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო აღნიშნულ პროგრამაში  რეგისტრაციას ვებ-გვერდზე  www.acda.gov.ge  19  მარტამდე აცხადებს.

პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მესაქონლეობის  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემა  სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით მიიღებენ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობას.  

თუ კოოპერატივის  ან/და მის მეპაიეების საკუთრებაშია არანაკლებ 200 სული თხა (ნეზვი), მას გადაეცემა 12 ადგილიანი საწველი  და ყველის დამამზადებელი  რძის საწარმოო აღჭურვილობა. 

სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივის ვალდებულებას წარმოადგენს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდა კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადასაცემი დანადგარები.

მეცხვარეობის კოოპერატივებს თანადაფინანსებით ღირებულების 30%-ად,  მობილური ტიპის 24 ადგილიანი საწველი აღჭურვილობის გადაეცემა, თუ კოპერატივს ან/და მის მეპაიე(ებ)ს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 1000 სული  ცხვარი (ნერბი). 

საუბარი შეეხო ასევე მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებში დაგეგმილია გორის მუნიციპალიტეტში თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება, რომელიც ბენეფიციარ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში  30% თანადაფინანსებით გადაეცემა, რომლის გადახდას კოოპერატივი უზრუნველყოფს 8 წლის განმავლობაში.  

დადგენილი კრიტერიუმებით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივში  გაერთიანებული კოოპერატივების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 კოოპერატივს, რომელთაც  საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ  7000 სკა.  
კიდევ ერთი პროგრამა რომლის შესახებაც შეხვედრაზე ისაუბრეს არის მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც  კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაეცემას ითვალისწინებს. 
დადგენილი კრიტერიუმების  დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს  100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, ხოლო კოოპერატივმა - გადამამუშავებელი საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება  უნდა უზრუნველყოს.

გიორგი მიშელაძის განცხადებით,  პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივის წევრებს მიეცემათ შესაძლებლობა,  საკუთარ საწარმოში  გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიიღონ დამატებითი შემოსავალი.