პოლიტიკა
იან კელი: გიორგი კვირიკაშვილს ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით სწორი მიდგომა აქვს
იან კელი: გიორგი კვირიკაშვილს ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით სწორი მიდგომა აქვს

„ჟენევის ფორმატთან მიმართებაში საქართველოს პრემიერმინისტრს აქვს სწორი მიდგომა, ჩვენ მას და საქართველოს მხარს ვუჭერთ" - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ განაცხადა. 

მისი თქმით, ქართულ საზოგადოებაში ჟენევის ფორმატისადმი არსებობს სკეპტიციზმი, რადგან აქამდე გამართულმა მოლაპარაკებებმა ვერანაირი პროგრესული შედეგი ვერ გამოიღო. დიპლომატის თქმით, ასეთ ფონზე ფორმატის შეცვლა და მასში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ჩართულობა აუცილებელია. 

„ქართულ საზოგადოებაში ჟენევის ფორმატისადმი არსებობს იმედგაცრუება, რადგან ვერ ხდება იმ მიზნების მიღწევა, რასაც ის ემსახურება. მაგალითად, არ წყდება ბორდერიზაცია, მოსახლეობა თავისუფლად ვერ გადაადგილდება, არ აღდგა სავაჭრო და სხვა კავშირები. ჩვენ ამ ფორმატში ვმონაწილეობთ და უკვე დაახლოებით 40-მდე შეხვედრა შედგა, თუმცა პროგრესი ვერც ჩვენ და ვერც ქართულმა საზოგადოებამ ვერცერთი მიმართულებით ვერ დავინახეთ. ამის ფონზე, ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს აქვს სწორი მიდგომა, ჩვენ მას და საქართველოს მხარს ვუჭერთ.  მსგავსი ტიპის ფორმატში აუცილებელია ისეთი ადამიანების მონაწილეობა, რომელთაც აქვს გადაწყვეტილების მიღების საშუალება და ძალა. რა თქმა უნდა, ვინც ჩართულნი არიან, სურთ პროგრესი, მაგრამ საჭიროა ისეთი ადამიანები, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს." განაცხადა იან კელიმ.