კულტურა
თბილისის მწვანედ განათებული სატელევიზიო ანძა ირლანდიის ყველაზე პოპულარული მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში მოხვდა
თბილისის მწვანედ განათებული სატელევიზიო ანძა ირლანდიის ყველაზე პოპულარული მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში მოხვდა

2018 წლის 17 მარტს, ირლანდიური დღესასწაულის, წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავ გლობალურ კამპანიაში „Global Greening” თბილისის მონაწილეობამ  დუბლინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმის “EPIC – The Irish Emigration Museum” განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. კერძოდ, მუზეუმმა თბილისის მწვანედ განათებული სატელევიზიო ანძის ამსახველი ფოტო შეიტანა მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში, რომელიც კამპანიის „Global Greening” ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით მწვანედ განათებულ ღირსშესანიშნაობებს ასახავს. საგულისხმოა, რომ მიმდინარე წელს „Global Greening”-ის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში მსოფლიოს 49 ქვეყნის 300-ზე მეტი ღირსშესანიშნაობა განათდა მწვანე ფერში, თუმცა მუზეუმმა მხოლოდ მათი მცირე ნაწილი შეარჩია მუდმივმოქმედი გამოფენისათვის, მათ შორის თბილისის სატელევიზიო ანძა. 

აღსანიშნავია, რომ წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით, ირლანდიის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს კამპანია „Global Greening” მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მდებარე ღირსშესანიშნაობების მწვანედ განათებას გულისხმობს, რაც ირლანდიასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის მეგობრობის სიმბოლოა. თბილისი, როგორც დუბლინის პარტნიორი ქალაქი, 2015 წლიდან ჩაერთო აღნიშნულ გლობალურ კამპანიაში და წელს უკვე მეოთხედ მოხდა ირლანდიურ დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობის განათება მწვანე ფერში.

დუბლინის “EPIC” მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძის ფოტოს განთავსება სასიხარულო მოვლენაა და იგი ხელს უწყობს ირლანდიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას. ამასთან, “EPIC – The Irish Emigration Museum” დუბლინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ინტერაქციულ მუზეუმს წარმოადგენს და გასული წლის განმავლობაში 90 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია.

წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით თბილისის სატელევიზიო ანძის მწვანედ განათება ასევე გააშუქა ირლანდიის ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ „Tourism Ireland”, საკუთარი ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური მედიის მეშვეობით.