კულტურა
#საქართველოშენიგულისთვის - ევროვიზიაზე საქართველოს მხარდამჭერი კამპანია იწყება
#საქართველოშენიგულისთვის - ევროვიზიაზე საქართველოს მხარდამჭერი კამპანია იწყება

ცნობილი ადამიანები „ირიაოს“ მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. პირველი არხის სტუდიაში რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა პოპულარული სახეები გადაიღო და ამ კამპანიაში თავადაც მიიღო მონაწილეობა, კოლეგასა და მეგობართან, დავით დოიაშვილთან ერთად.

პირველი არხის ფეისბუქის გვერდზე დღეიდან გამოჩნდება ვიდეოები, სადაც ეკა მამალაძე, „შვიდკაცასა“ და „ქართული ხმების“ წევრები, ზაზა მარჯანიშვილი, მიშა მდინარაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, დათუნა ალადაშვილი და ზვიად ბოლქვაძე „ირიაოს“ შესახებ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამენ და მხარდაჭერას გამოუცხადებენ ჯგუფს; ასევე მოუწოდებენ ქართველ ემიგრანტებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ კამპანიაში #საქართველოშენიგულისთვის და 10 მაისს, მეორე ნახევარფინალურ ტურში, როცა „ირიაო“ ლისაბონში „ალტიჩე არენაზე“ 200 მლნ ტელემაყურებლის წინაშე წარდგება, საკუთარი ხმა საქართველოს მისცენ.

#საქართველოშენიგულისთვის კამპანიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ჩაწერეთ მხარდამჭერი ვიდეო ამ ჰეშთეგით და გამოაქვეყნეთ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე – გაუზიარეთ სიყვარული და მხარდაჭერა საქართველოს.

წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს სახელით ეთნოჯაზბენდი „ირიაო“ წარდგება. ანსამბლის წევრებმა დავით მალაზონიას ორიგინალური სიმღერა „შენი გულისთვის“ მსმენელს უკვე წარუდგინეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენი ქვეყნის წარგზავნილი ევროფესტივალზე სრულად ქართულენოვან კომპოზიციას შეასრულებს.

 

 

წყარო: 1tv.ge