მსოფლიო   NEWS
„სირიაში სამიზნეებისკენ 100-ზე მეტი ფრთიანი და „ჰაერი-მიწა“ კლასის რაკეტა გაუშვეს”
„სირიაში სამიზნეებისკენ 100-ზე მეტი ფრთიანი და „ჰაერი-მიწა“ კლასის რაკეტა გაუშვეს”

„სირიაში სამიზნეებისკენ 100-ზე მეტი ფრთიანი და „ჰაერი-მიწა“ კლასის რაკეტა გაუშვეს”- ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რაკეტების უმრავლესობა ჩამოგდებულია. ამავე წყაროს ცნობით,  საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელიც სირიაში გამოიყენეს, 30 წლის წინ საბჭოთა კავშირშია წარმოებული.

განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა ცოტა ხნის წინ „როიტერის“ წყარომ, რომელმაც სააგენტოს განუცხადა, რომ რაკეტების რაოდენობა 30-ს აღწევდა. ამერიკის შეერთებულ შტატებს კი ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გვიან ღამით სირიაზე სარაკეტო დარტყმა დაიწყეს. საჰაერო თავდასხმა 50 წუთს გაგრძელდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გასცა ბრძანება, იერიში მიეტანათ სირიის იმ სამთავრობო ობიექტებზე, რომელთაც ქიმიური იარაღის წარმოებასა და შენახვასთან აქვთ კავშირი . ოპერაცია საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად ხორციელდება.

ცოტა მოგვიანებით, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მატისმა განმარტა, რომ დარტყმას ერთჯერადი ხასიათი აქვს და უახლოეს მომავალში ახალი დარტყმები აღარ იგეგმება. პენტაგონის ხელძღვანელის ინფორმაციით,  ამ ოპერაციაში ორჯერ მეტი რაკეტა იქნა გამოყენებული, ვიდრე წინა წელს. ჟურნალისტების კითხვაზე, როდემდე გაგრძელდება დარტყმის პირველი ეტაპი, მატისმა უპასუხა: ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გამოიყენებს თუ არა ასადი ქიმიური იარაღს კიდევ ერთხელ.

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოზეფ დაფორდმა აღნიშნა, რომ რუსეთი სარაკეტო დარტყმების თაობაზე არ გაუფრთხილებიათ.

სირიაზე განხორციელებულ დარტყმებს გამოეხმაურა რუსეთის ელჩი შეერთებბულ შტატებში ანატოლი ანტონოვი.

„ჩვენ გაგაფრთხილეთ, რომ ასეთი მოქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. მთელი პასუხისმგებლობა ვაშინგტონს, ლონდონს და პარიზს  ეკისრება,“-განაცხადა ანტონოვმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ „რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს, რა სურს: იაროს ბნელი გზით, თუ შეუერთდეს ცივილიზირებულ სამყაროს.“ ამასთან, ტრამპი რუსეთთან და ირანთან  ურთიერთობების გაუმჯობესებაზე იმედს გამოთქვამს, თუმცა  „ეს შეიძლება მოხდეს ან არ მოხდეს,“-აღნიშნავს ტრამპი.

რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ზახაროვა მიმდინარე პროცესს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება. „აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა სირიაზე დარტყმა მაშინ განახორციელეს, როდესაც ქვეყანას მშვიდობიანი მომავლის შანსი გაუჩნდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერტ-მინისტრი ტერეზა მეი განმარტავს, რომ დარტყმები სირიაზე დიდი ბრიტანეთის ინტერესებში შედის. „გავეცი ბრძანება ბრიტანულმა არმიამ განახორციელოს კოორდინირებული დარტყმები, იქ სადაც სირიის ხელისუფლება შესაძლოა ქიმიურ იარაღს ინახავდეს.“ მეის თქმით,  ოპერაციის მიზანია, სირიის რეჟიმის შეკავება და ყველასთვის ზუსტი სიგნალის მიწოდება, რომ ეს დარტყმები შედის დიდი ბრიტანეთის ინტერესებში, რამდენადაც გაერთიანებული სამეფოს არ შეუძლია დაუშვას ქიმიური იარაღას გამოყენება გახდეს ნორმა სირიაში ან ლონდონის ქუჩებში.

დამასკო და მოსკოვი კატეგორიულად უარყოფენ ყოველგვარ კავშირს აკრძალულ იარაღთან. რუსეთის საგარეო საქმეთ უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ქიმიური თავდასხმის სპეტაკლის უკან ერთი და იგივე ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან.

ამავე დროს ტელეარხი „ალ-არაბია“ იუწყება, რომ სირიის ხელისუფლებამ გასულ კვირას  ყველა ზომა მიიღო იმისათვის, რათა მოეხდინა ტექნიკის და პირადი შემადგენლობის ევაკუირება იმ აეროდრომებიდან და სამხედრო ბაზებიდან, სადაც პარასკევ ღამიდან შაბათ დილამდე საჰაერო დარტყმები ხორციელდებოდა.