Facebook-სტატუსები
„იმის მაგივრად, რომ გიორგი მარგველაშვილმა აღიაროს და ბოდიში მოიხადოს, ისევ აგრძელებს საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას“ - ვანო ზარდიაშვილი
„იმის მაგივრად, რომ გიორგი მარგველაშვილმა აღიაროს და ბოდიში მოიხადოს, ისევ აგრძელებს საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას“ - ვანო ზარდიაშვილი

„იმის მაგივრად, რომ გიორგი მარგველაშვილმა აღიაროს და ბოდიში მოიხადოს, ისევ აგრძელებს საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას“ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზარდიაშვილი “რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება.

“|გუშინდელი “რუსთავი 2”-ის ეთერი იყო უსუსური მცდელობა „რიგითი მარგველაშვილის“ გადასარჩენად. პრეზიდენტის წარმომადგენლის თეატრალიზებული, ყალბი აღელვებით ჩატარებული „მათემატიკის გაკვეთილი“. მან ყველაფერზე ისაუბრა, შეწყალების შინაარსის კონსტიტუციურობის გარდა.

ნამდვილად კარგი მათემატიკის ცოდნაა საჭირო პრეზიდენტის ცოლის ძმის, მიხეილ მგალობლიშვილის და გიორგი გოგიბერიძის, შეწყალებისათვის, რომელიც განზრახ მკვლელობის ჯგუფურად ჩადენის მცდელობის გამო 19-109-ე მუხლით იყო ბრალდებული. მანამდე კი - ორჯერ ნასამართლევი.  და ეს შეწყალება მან განახორციელა მაშინვე, გახდა თუ არა პრეზიდენტი.

17 წლიდან მხოლოდ სამი წლის მოხდა მოასწრო პრეზიდენტის ცოლის ძმამ. (ეს ფაქტი, ეტყობა, გუშინდელ ეთერში არ იცოდნენ). 

ნამდვილად საჭიროა მათემატიკური ნიჭი ქორიძის საქმეში, როდესაც 3000 ადამიანის დოზა ნარკოტიკისთვის ბრალდებული შეიწყალა პრეზიდენტმა. 

შემდგომ „ა“-პუნქტში ჩნდება 10,000 ადამიანის დოზა ნარკოტიკი, „ბ“-პუნქტში ქრება 500 ადამიანის დოზა ნარკოტიკი. 

აბაშიშვილს და მარგველაშვილს ვთხოვ, დაადგინონ მათემატიკურად, სად გაქრა ქორიძის საქმეში ეს 500 კაცის დოზა ნარკოტიკი? 

აპირებენ თუ არა პრინციპულობის გამოჩენას და კიდევ ერთხელ შეწყალებას? 
აღარ ვსაუბრობ იმ ტრაგედიაზე, რომელმაც მთელი საზოგადოება შეძრა და გამოუსწორებელი შედეგი მოიტანა. 

მარგველაშვილს შეწყალებული ჰყავს 3600 მოქალაქე, მაშინ, როდესაც სასჯელს დღეს იხდის სულ 9500 პატიმარი. 

მოდით, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ აბაშიშვილის თეატრალურ მათემატიკას და დავითვალოთ: 

იმისათვის, რომ 9500 ადამიანზე მართლმსაჯულება განხორციელდეს, მუშაობს საქართველოს მასშტაბით 300-მდე პროკურორი, 100-მდე მოსამართლე, 1000-მდე გამომძიებელი, 300-მდე ექსპერტი მუშაობს, პროფილის მიხედვით.

10,000-მდე მოწმე და, ალბათ, 100,000-მდე ფაქტი და მტკიცებულებები. ამის საპირწონედ ერთი მარგველაშვილი, რომელიც, ასევე, აღიარებს, რომ ობიექტურ ინფორმაციას ძალიან მცირეს, ან საერთოდ არ ფლობს, იწყალებს 9500-დან 3600-ს. აქვე აღსანიშნავია გვარამიას გულანთებული მცდელობა, თავისი განთქმული მჭევრმეტყველებით და უტყუარობით გადაარჩინოს „რიგითი მარგველაშვილი“.  უკვე მეორედ ვიხილეთ დაუგეგმავად, ყოველგვარი ჟურნალისტური ეთიკის წესების დარღვევით, ქვეყნის მთავარი „გურმანის“ პირდაპირ ეთერში შევარდნა. 

ეტყობა, მას, გამოცდილ მედიაზონდერს, არ მოეწონა გაბუნიას გადაცემაში მოვლენები როგორ განვითარდა. 

არ მოეწონა საზოგადოებრივი ხედვის ჩამოყალიბების კუთხით. შევარდა თავისი დიდი ინტელექტით და მარგველაშვილის პირადი 3600 ხელმოწერა დააბრალა შსს-ს, სასჯელაღსრულების სისტემას და მთლიანად სახელმწიფოს.

ცოტა დააკლდა - ეთერში დრო არ ეყო, თორემ, ნამდვილად დააჯერებდა საზოგადოებას, რომ ეს 3600 ხელმოწერა მარგველაშვილს „ჩაუდეს“, ხელისუფლება კი ჩამდებს ხელს აფარებს. 
მე, ჩემი მხრივ, მადლობა მაქვს მოსახდელი! 

გვარამიამ აღიარა და გაუმხილა საზოგადოებას, რომ თვითონ და მისი ტელევიზია მთელი ორი წლის განმავლობაში ახორციელებდნენ ჩემ წინააღმდეგ ტყუილებით გაჯერებულ შტურმს. ორი წელი უმტკიცებდნენ საზოგადოებას, რომ მე ვიყავი ადეიშვილის მარჯვენა თუ მარცხენა ხელი.
ვითომ, ჩემი და არა გვარამიას შემოქმედება იყო ეს სისტემა. 

და ამავე დროს, დღეს, 2018 წელს აღიარებს, რომ 2005 წელს, 13 წლის წინ, როცა 22 წლის ვიყავი, გამიშვა ადეიშვილმა სამსახურიდან. 

ეხლა ჩამოყალიბდეს გვარამია - მე გამიშვეს სამსახურიდან, თუ ფავორიტი ვიყავი? 
არადა, ჩემი მაქსიმალური პოზიცია 2012 წლამდე იყო „განყოფილების უფროსი“ მერიაში, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში და სასამართლოში.  ჩემს ზედა ვერტიკალში იყო, მინიმუმ, 4000 თანამდებობის პირი.

ისიც ყველამ იცის, რომ გადაწყვეტილებებს - პოზიტიურს თუ სასტიკს, იღებდა, მაქსიმუმ, 10 თანამდებობის პირი, მათ შორის, გვარამია. 

რაც შეეხება ნარკოტესტირებას, მე მაშინაც, 13 წლის წინ და ახლაც; ახლაც (ხაზს ვუსვამ) მზად ვარ, გვარამიასთან და პრეზიდენტთან ერთად გავიარო ნებისმიერი შემოწმება! 
მაგრამ რად გინდა? 

პატარა ცრუპენტელა, „ტელეიმედის“ დამრბევი და უამრავი სისაძაგლის „გამპრავებელი“, დღეს საზოგადოებას ანახვებს, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მცველია! 
ეს ბრძენთაბრძენი ვერ ამჩნევს, რომ მარგველაშვილი იმდენად დახარბებულია შეწყალებებს - რომ სასამართლოების დასრულებასაც არ ელოდება, ისე იწყალებს ბრალდებულებს! მედიაზონდერ გვარამიას, პრეზიდენტ მარგველაშვილს, საიას ყოფილ სამ ხელმძღვანელს - კოჟორიძეს, დოლიძეს და ნაცვლიშვილს (რომლებიც მარგველაშვილის „გაპრავებით“ არიან დაკავებულები) შევახსენებ კონსტიტუციას, მართლმსაჯულების პრინციპებს:
სასამართლო სამი ინსტანციით მსჯელობს პირის დანაშაულზე ან უდანაშაულობაზე! სიხარბით, პირადი ინტერესით, არაკომპეტენტურობით თუ არაკვალიფიციურობით მათ საერთოდ უგულებელყვეს ადამიანის უფლება - დაამტკიცოს თავისი სიმართლე და სახელმწიფო ბრალდების მხარის უფლება - დაადასტუროს პირის ბრალეულობა. 

პრეზიდენტმა შეიწყალა ნიკოლოზ თავაძე, რომელმაც განზრახ მიაყენა 5 ჭრილობა საბა უგრეხელიძეს დანით. 

შეწყალება მოხდა პირველი ინსტანციის დადგომის შემდგომ.

პრეზიდენტი, მინიმუმ, უნდა დალოდებოდა სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებას. 
აქ აზრი აღარ აქვს მის მიერვე წარგზავნილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მსჯელობას და გადაწყვეტილებასმ რადგან, რა განაჩენიც უნდა გამოიტანონ, თავაძე უკვე შეწყალებულია „მათემატიკოსების“ მიერ. 

ზემოთ აღნიშნულ კომენტარებში 4 ფაქტი მოვიყვანე, რომლებშიც აშკარად ჩანს, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულები შეიწყალა პრეზიდენტმა აბსოლუტურად ულოგიკოდ. 

4 უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება 3600 გადაწყვეტილებიდან, რომლებიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. 

აქ რთული არაა, ივარაუდო, რომ პრეზიდენტის შეწყალებებში უამრავი ასეთი ფაქტი იქნება და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. 

მის მიერ შეწყალებულების რეციდივებს თუ გადავხედავთ, როგორც ეთერებიდან მოვისმინეთ, 500 შემთხვევას უკვე ასცდა.

იმის მაგივრად, რომ აღიაროს და ბოდიში მოიხადოს, ისევ აგრძელებს საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას და ახლა კიდევ ახალი სტანდარტების შემუშავებაზე დაიწყო საუბარი. რა ახალი სტანდარტის შემუშავება უნდა ცოლის ძმის, მკვლელების და ნარკორეალიზატორების არ შეწყალების ცოდნას” - წერს ზარდიაშვილი „ფეისბუკში“.