საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ერთობლივმა საკოორდინაციო საბჭომ პირველი სხდომა გამართა
საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ერთობლივმა საკოორდინაციო საბჭომ პირველი სხდომა გამართა

„ეს ფორმატი იძლევა ძალიან კარგ საშუალებას იმისთვის, რომ ერთობლივად დავგეგმოთ ინიციატივები და მომავალი საქმიანობა. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ერთობლივი  საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაზე განაცხადა.

საკანონმდებლო პროცესების კოორდინაციის მიზნით შექმნილი ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაზე სამომავლო საქმიანობისა და ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.

„დღეს ჩვენ პირველად ვიკრიბებით ახალი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში და  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვისაუბროთ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უნდა განვახორციელოთ, ერთად დავგეგმოთ ის ინიციატივები, რომლებიც უნდა განხორციელდეს შესაბამისი მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ სწორად არის შერჩეული ჩვენი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა. საქართველოს პარლამენტის მხრიდან საბჭოში წარმოდგენილია ორი ვიცე-სპიკერი, ოპოზიცია, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია. მოხარულები ვართ, რომ სათანადო წარმომადგენლობა არის უზრუნველყოფილი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მხრიდანაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე საბჭოს თავმჯდომარე არის წარმოდგენილი ჩვენს საკოორდინაციო საბჭოში“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ  საბჭოს მუშაობაში აქტიურად ჩართვისთვის მზადყოფნა დაადასტურა. მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური უხელმძღვანელებს.

„მუშაობას, არსებითად, ბატონი ზვიად ძიძიგური გაუძღვება, რომელიც ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას გაუწევს მუშაობას და მეც მზად ვარ, რომ საბჭოს მუშაობაში აქტიურად ჩავერთო“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე,  აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები შედიან.