სხვადასხვა
ფაროსანას მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს
ფაროსანას მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით განლაგებულია მონიტორინგის სისტემები, რომლის მეშვეობითაც  დგინდება მავნებლის რაოდენობა  და გავრცელების არეალი.

18 აპრილის მონაცემებით, საქართველოში განთავსებულია 7509  ფერომონი; მათ შორის: სამეგრელოში  -  2095; გურიაში  -  685; იმერეთში  -  1919; შიდა ქართლში  -  1100; მცხეთა-მთიანეთში  -  300; კახეთში  -  1300; თბილისში - 110.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების ვადა  და დასამუშავებელი ტერიტორიების არეალი  მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება. დღეისათვის მწერსაჭერებზე (ფერომონი)  მხოლოდ  ერთეულ შემთხვევებში - აბაშის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე აღინიშნება  აზიური ფაროსანას 10-ზე მეტი ეგზემპლარი, რაც დღეღამური ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობით არის გამოწვეული. როგორც კი ჰაერის საშუალო ტემპერატურა 150 ჩ-ს სტაბილურად მიაღწევს და მავნებელი მცენარეებზე  გამოჩნდება, დაიწყება ქიმიური წამლობა.

ღონისძიებების კოორდინირებულად  და ეფექტიანად ჩატარებისთვის დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის  საკოორდინაციო შტაბი, სადაც შექმნილია მონაცემთა ელექტრონული ბაზა, მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და ღონისძიებები იგეგმება ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტების მიხედვით. სახელმწიფოს მიერ  მობილიზებულია  150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის სახელმწიფოს მიერ შესყიდულია ქიმიური საშუალებები: 180  ათასი ლიტრი ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდი და 210  ათასი ლიტრი ზეთოვანი ინსექტიციდი (თერმული ნისლის ტექნოლოგიისთვის)

არსებული რესურსით შესაძლებელია  250 ათასი ჰექტარი ფართობის ოთხჯერ დამუშავება.