ეკონომიკა
"დღევანდელი მდგომარეობით 17 ათას ტონაზე მეტი ციტრუსია ექსპორტირებული"
"დღევანდელი მდგომარეობით 17 ათას ტონაზე მეტი ციტრუსია ექსპორტირებული"

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ განაცხადა, რომდღევანდელი მდგომარეობით 17 ათას ტონაზე მეტი ციტრუსია ექსპორტირებული.

"პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა. წელს ხდება უპრეცედენტო სუბსიდირება, როგორც სტანდარტული, ისე არასტანდარტული მანდარინის. კერძოდ, 13 მილიონ 800 ათას ლარს დახარჯავს სახელმწიფო, საიდანაც 12 მილიონით მოხდება სტანდარტული მანდარინის სუბსიდირება, კილოგრამზე 15 თეთრით, ხოლო არასტანდარტულის - კილოგრამზე 10 თეთრით. ამის მიზეზი იყო ძალიან დიდი მოსავალი, წელს დაახლოებით 100 ათას ტონამდე მოსავალი მოვიდა, რაც გასულ წელთან შედარებით ორჯერ მეტია. შარშან სარეალიზაციო ფასი შეადგენდა დაახლოებით 50-60 თეთრს, წელს ეს ფასი არის 35-45 თეთრამდე", - განაცხადა ფიფიამ.

მინისტრის განმარტებით, იმისთვის, რომ ფერმერების კომპენსირება მოხდეს და მათ მიიღონ შესაბამისი ფასი, სახელმწიფო მათ კილოგრამზე 15 თეთრს დაუმატებს.

"ამავდროულად, ხორციელდება ექსპორტი რუსეთში. უმინდობის გამო სამი ბორანი ელოდება ბათუმის პორტში შემოსვლას, რომლებიც 10 ათას ტონა ციტრუსს წაიღებს. ნატანებში იყო გარკვეული უკმაყოფილება, თუმცა ჩემი მოადგილე უკვე იქ არის. მე ხვალ დილიდან ვაპირებ წასვლას გურიასა და აჭარაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივაღწიეთ მოლაპარაკებას ქობულეთის გადამამუშავებელ ქარხანასთან და ისინი წელს დაახლოებით ორჯერ მეტ არასტანდარტულ მანდარინს ჩაიბარებენ, რაც მთლიანად მოხსნის არასტანდარტული მანდარინის პოტენციურ პრობლემას" - აღნიშნა ფიფიამ.