ეკონომიკა
თვითმმართველობის კოდექსის პროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა არც ერთის წინააღმდეგ დაუჭირა
თვითმმართველობის კოდექსის პროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა არც ერთის წინააღმდეგ დაუჭირა

პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. პროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა არც ერთის წინააღმდეგ დაუჭირა.

წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით, რეგულირდება ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ორგანიზებასთან, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებთან და მის ორგანოებთან, დედაქალაქის სტატუსთან და მის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხები.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილებასთან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, სახელმწიფო ზედამხედველობასთან, აუდიტთან და პირდაპირ სახელმწიფო მმართველობასთან და მუნიციპალიტეტთა რეგიონულ გაერთიანებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ცვლილების თანახმად, არსებულ 5 თვითმმართველ ქალაქს დაემატება დღევანდელი სამხარეო ცენტრების კიდევ 7 ქალაქი და სულ 12 თვითმმართველი ქალაქი იქნება, სადაც მერები პირდაპირი წესით აირჩევიან.

დეპუტატ გია ჟორჟოლიანის აზრით, ეს 7 ქალაქი არჩევნებამდე უნდა გამოიყოს და იქ არჩევნები ცალკე უნდა ჩატარდეს.

როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, დარჩენილი ტერიტორიები როგორ დაიყოფა ეს განსაზღვრულია იმ წესით, რომლებიც გარდამავალ დებულებებშია წარმოდგენილი, მაგრამ ეს წესი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება იმისგან, რაც დღეს მოქმედებს.

ამასთან, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რეგიონული კოლეგიური ორგანოების ნაცვლად საკონსულტაციო ფუნქციების საბჭოები შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში პოლიტიკური წარმომადგენლობის ნაცვლად არჩეული მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები იქნებიან.

საკონსულტაციო საბჭოების წევრები მონაწილეობას მიიღებენ კონსულტაციებში, განხილვებში, მუნიციპალიტეტთა შორისი საკითხებისა და პროექტების განხილვაში. მათ არ ექნებათ ის უფლებამოსილებები, რაც ადრე იყო კანონპროექტში წარმოდგენილი, მათ შორის გუნერნატორის გადაყენების უფლებამოსილება, ანუ მას წმინდა საკონსულტაციო ფუნქცია ექნება.